დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წელს განსაზღვრა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღედ 27 იანვარი, რადგან 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ასევე, შეხვედრას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) თავმჯდომარე მერი კაპანაძე და გამგეობის წევრი დავით მსახურაძე.
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI) შეფასებით მნიშვნელოვანია მთავრობამ მეტად ქმედითი გახადოს რელიგიის თავისუფლების დაცვა და ეფექტური რეაგირება მოახდინოს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე.
"ხელისუფლება უნდა ეცადოს გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ეფექტურად ებრძოლოს რელიგიური შეუწყნარებლობის ძალადობრივ გამოვლენას, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას" - განაცხადა ცენტრის თავმჯდომარემ მერი კაპანაძემ.
ღონისძიება წარიმართა საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ფონდის ”ლეას” ორგანიზებით.
ნახვები 1 276