უწყებათაშორისს კომისიაზე განხილული N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებული მოვლენები » ICDI.GE

უწყებათაშორისს კომისიაზე განხილული N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებული მოვლენები

ავტორი icdi, 12-09-2017, 20:11 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


11 სექტემბერს დემოკრატიულ ინიციატივათა საერთშორისო ცენტრმა თავისუფლ და სამართლიან არჩევნებისათვის უწყებათა შორის კომისიაზე N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ააიპ ,,ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921“, ერთად ფაქტების გამოკვლევის მიზნით, დაპირისპირებულ ორივე მხარეს გაესაუბრა. მხარეთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

  • N17 თელავის საოლქო კომისიაში მიმდინარე წლის 7 სექტემბერს პ/გ ,,ლეიბორისტული პარტიის“ თელავის მერობის კანდიდატობის პრეტენდენტმა ნიკა ვარდოშვილმა, N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარე მერობის კანდიდატად რეგისტრაციის პროცესის ხელისშეშლაში დაადანაშაულა. მერობის კანდიდატის მსურველის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ გაუწია კონსულტაცია რეგისტრაციისათვის სააღრიცხვო ბარათებისა და პარტიული სიითი ფორმის შევსების თაობაზე , კერძოდ, ოლქის თავმჯდომარე კითხვაზე პასუხის თავიდან აცილების მიზნით, მიუთითებდა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე 144-ე და 167-ე მუხლებზე, რომლებიც შინაარსობრივი თვალსაზრისით აღწერენ, თუ რა დოკუმენტაცია რა ფორმით უნდა იქნეს წარმოდგენილი კომისიაში რეგისტრაციისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ნიკა ვარდოშვილი აცხადებდა, რომ  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,  გიორგი კალმახელიძე, მის კონკრეტულ კითხვებს  კონკრეტულ პასუხებს არ სცემდა და ხელოვნურად თავს არიდებდა მასთან კონტაქტს, რითაც ხელს უშლიდა რეგისტრაციის გავლაში.
  • საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძე აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატობის მსურველს - ბატონ ნიკა ვარდოშვილს, არაერთხელ გაუწია კონსულტაცია რეგისტრაციის სააღვრიცხვო ბარათებისა და პარტიული სიითი ფორმის  შევსებასთან დაკავშირებით. ბატონი გიორგი კალმახელიძის განმარტებით, მან ბატონ ნიკა ვარდოშვილს აღნიშნული კითხვის გარდა სხვა დამატებით კითხვებზეც გაუწია დეტალური კონსულტაცია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ბატონმა ნიკამ დამატებითი კონსულტაცია გაიარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე, სადაც ანალოგიური ხასიათის კონსულტაციას მიიღო.
  •  მერობის კანდიდატობის პრეტენდენტი ნიკა ვარდოშვილი,  7 სექტემბერს საკუთარ მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან ერთად  N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიჭრა, კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც მიმდინარეობდა გეგმიური თათბირი. თათბირი ეხებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის ფარგლებში იურიდიული პრობლემური საკითხების განხილვას. თათბირს ესწრებოდნენ: საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და იურისტი. 
  • საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კაბინეტში მერობის კანდიდატის მსურველის, მისი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების შეჭრის შემდეგ, ბატონი ნიკა ვარდოშვილი, გიორგი კალმახელიძის მხრიდან  მოითხოვდა ზემოთ აღნიშნულ  რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას. აღნიშნული ქმედებებით შეწყდა მიმდინარე თათბირი, რის გამოც, ოლქის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილს და მის თანმხლებ პირებს მოუწოდებდა საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიის დატოვებას, რადგან ეს უკანასკნელი ქმედებები წარმოადგენდა წესრიგის დარღვევასა და საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობას. რადგან ოლქის თავმჯდომარის მოწოდება არ გაითვალისწინა, კომისიის თავმჯდომარემ, გამოსცა განკარგულება ნიკა ვარდოშვილის გაძევების თაობაზე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნიკა ვარდოშვილისათვის განკარგულების გადაცემა და გაცნობა არ მომხდარა. ხოლო ოლქის თავმჯდომარემ  გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით,  გამოიძახა სამართალდამცავი პირები. სამართალდამცავი პირების გამოჩენის შემდეგ ნიკა ვარდოშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დატოვეს საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორია. ოლქის თავმჯდომარემ კი სამართალდამცავ პირებს აუხსნა გამოძახების საფუძველი, კერძოდ, პირთა შემოჭრა საოლქო საარჩევნო კომისიაში, სამუშაო პროცესის ხელის შეშლისა და მისი გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის შესახებ. ამის შემდგომ, სამართალდამცავმა პირებმა შეადგინეს ოქმი გამოძახების თაობაზე.
  • საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბრისას აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატის მსურველის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა  აგრესიას და მუქარას.
  • 7 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირების შემდეგ, მერობის კანდიდატის მსურველი  საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ფაქტების თაობაზე და ეწევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ე.წ. დისკრედიტაციას, კერძოდ, იგი საკუთარი მოსაზრების საფუძველზე ოლქის თავმჯდომარეს ბრალს სდებს პოლიტიკური პარტიების მიმართ აშკარა ინტერესებსა და დამოკიდებულებებში, რაც ოლქის თავმჯდომარის საქმიანობის ჯეროვნად და კეთილსინიდისიერად განხორციელების ხელისშემშლელი, მისი ღირსებისა და პატივის შემლახვერი გარემოებებია.
  • 8 სექტემბერს  14:30 სთ-ზე N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია დაუკავშირდა მერობის კანდიდატის მსურველს და შეატყობინა, საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადების დრო დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც 7 სექტემბერს ოლქში მომხდარ ინციდენტს ეხება.  ნიკა ვარდოშვილი  საოლქო საარჩევნო კომისიაში ჟურნალისტებთან ერთად ჩართული კამერებით გამოცხადდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაზე ოლქის თავმჯდომარემ განმარტა, რომ უნდა წარმართულიყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც 7 სექტემბერს ჩადენილ ქმედებებს ეხებოდა, კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობისათვის ხელისშეშლას, რაც ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 91-ე პრიმა მუხლითაა რეგულირებული. აღნიშნულის თაობაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, რომელსაც ნიკა ვარდოშვილი არ ეთანხმებოდა. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა მან ოქმს არ დაურთო განსხვავებული შეფასება. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ოქმის გაცნობისას ნიკა ვარდოშვილი ეწეოდა მის დისკრედიტაციას და შეურაცმყოფელ რეპლიკებს. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი თანდართული დოკუმენტაციით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს. თანდართულ დოკუმენტებშია: N17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ნიკა ვარდოშვილის გაძევების თაობაზე და საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის მიერ შედგენილი აქტი, რომელიც 7 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეჭრის ფაქტს აღწერს. თელავის რაიონული სასამართლომ გადაწყვეტილებით მერობის კანიდადატობის მსურველი, ნიკოლოზ ვარდოშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას, ჯარიმის სახით, 500 ლარის გადახდა დააკისრა.

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით საჭიროა, უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან, ფაქტების დეტალურად გამოკვლევა, რათა რომელიმე მხარე არ აღმოჩნდეს უთანასწორო მდგომარეობაში. ამასთან, მსგავსი ხასიათის შემთხვევები საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილია, რათა გატარდეს პრევენციისათვის აუცილებელი ღონისძიებები და  გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომ თავიდან აცილებულ იქნას დაძაბული გარემო წინა საარჩევნო პერიოდში.

დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო პერიოდში, კენჭისყრის დღისა და კენჭისყრის შედეგების შემდგომ პერიოდში.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160