საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის მონიტორინგი » ICDI.GE

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის მონიტორინგი

ავტორი icdi, 8-09-2017, 17:49 | კატეგორია სიახლეები / განცხადებები


21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI), დამკვირვებლები სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესს.


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან,  საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა.

2017 წლის 2-4 სექტემბერს 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს. 3 634 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 804  ვაკანტურ ადგილზე აირჩა 21 758 წევრი. კონკურსის 157 მონაწილე გამოეთიშა  კონკურსს, ძირითადად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხოლო 46 ადგილი კვლავ ვაკანტურია, რომლებზეც თავიდან გამოცხადდება კონკურსი. არჩეული 21758 წევრიდან მაღალი ქვორუმით (9  და მეტი ხმით) აირჩა 17 978 წევრი.


საარჩევნო ოლქებში საუბნო კომისიის წევრთა არჩევა მიმდინარეობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვიდ ვითარებაში. წევრების არჩევისას გათვალისწინებული იყო კანდიდატთა განათლება, პროფესიონალიზმი და გამოცდილება. 2017 წელს არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით გამოცდილება და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებში ერთხელ მაინც მონაწილეობის გამოცდილება აქვს საერთო რაოდენობის 82%-ს. აგრეთვე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრებიდან 4 080 ,,საარჩევნო  ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, ხოლო 193  წევრი  - ,,საარჩევნო განვითარების სკოლის“. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. არჩეული წევრების გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა, რაშიც სსიპ ,,საარჩევნო სისტემების, განვითარებისა და რეფორმების სწავლების ცენტრის“ საგამანათლებლო პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.


სხდომის მიმდინარეობას კომისიის წევრების გარდა, ICDI დამკვირვებლებთან ერთად, მონიტორინგს უწევდა სხვა ადგილობრივი  და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.


საოლქო საარჩევნო კომისიების  949 წევრებიდან 32 წევრი არ ესწრებოდა  სხდომებს, კერძოდ, პ/გ ,,საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ (9 წევრი), პ/გ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ (6 წევრი), პ/გ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (5 წევრი), პ/გ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (3 წევრი), პ/გ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (1 წევრი),  პ/გ ,, ევროპული საქართველო“ (6 წევრი) და პ/გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (2 წევრი).

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160