ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში » ICDI.GE

ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში

ავტორი icdi, 1-03-2018, 20:14 | კატეგორია სიახლეები


საქართველოში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მომწესრიგებელი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნორმატიული აქტია  საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, რომლის მოქმედების სფეროსაც წარმოადგენს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესის მოწესრიგება, მათი დაფინანსების წესისა და პრინციპების განსაზღვრა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესის დადგენა, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპების მოწესრიგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული კანონი არის ის უმნიშვნელოვანესი ნორმატიული აქტი, რომლის იმპერატიულად განსაზღვრული დებულებები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ავტორობით შემუშავებულ იქნა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების განხორციელება განპირობებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებით, რომელიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული ტერმინების „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებას ითვალისწინებს. ასევე წინამდებრე კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგიერთ მიმართულებებზე ბაკალავრიატის საფეხურის სწავლების ხანგრძლივობის შემცირებას 3 წლამდე ვადით, რაც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის ხანგრძლივობის შემცირებას 1 წლამდე ან 18 თვემდე ვადით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს. აღნიშნულის განსახორციელებლად კი აუცილებელია, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება მოცემული საკითხები.  გარდა ამისა, კანონოპროექტის ერთ-ერთ ძირითად არსს წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნეს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს დამტკიცების უფლებამოსილება (კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პ4“ ქვეპუნქტი), რადგან აღნიშნული წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისი რეგულაციები ისახება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. განსახილველი კანონპროექტის თანახმად, ტერმინი შუალედური კვალიფიკაცია ჩანაცვლდება ტერმინით „ასოცირებული ხარისხი“, რადგან ეს უკანასკნელი თავისი ბუკვალური გაგებით სრულებით თავსებადია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან.  წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ასოცირებული ხარისხი განიმარტება, როგორც კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად.

რელევანტურია, ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვისას, ყურადღება გამახვილდეს ერთ-ერთ არსებით ცვლილებაზე, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობებს/ხანგრძლივობას უკავშირდება. გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, უმაღლესი განათლების პირველი საფეხური მოიცავს 240 ან 180 კრედიტს, ხოლო მეორე საფეხური (მაგისტრატურა) 120 ან 90 კრედიტს. როგორც საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა,3-წლიანი ბაკალავრიატი და 1-წლიანი მაგისტრატურა ზოგიერთი პროფესიების მიმართ სრულებით გამართლებულია და თანაზმოიერია პროფესიის სრულყოფილად დაუფლებისათვის. საგულისხმოა, რომ ბოლონიის პროცესის ფარგლებშიც, აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია. საქართველოში უმაღლესი განათლება რომ იყოს ინტერნაციონალური, აუცილებელია, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება და არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით მისი გაზიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოიქმნება კოლაფსი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლება არ იქნება თავსებადი უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებთან მიმართებით. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანიც, სწორედ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაა. ეს ყოველივე კი უფრო გააღრმავებს ეროვნული და საერთაშორისო უნივერსიტეტების თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს სწავლების ხარიხსის გაზრდასა და სტუდენტების აკადემიურ განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ 3 წლიანი ბაკალავრიატი აპრობირებულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. ამასთან, უმაღლესი განათლების სამივე საფეხური, თავის მხრივ, იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ კურსად. სტუდენტი თავისი სურვილითა და ინტერესებით განსაზღვრავს, სად სურს მომავალში მიღებული ცოდნის გამოყენება: აკადემიურ თუ პრაქტიკულ საქმიანობაში. თეორიული პროფილი, რა თქმა უნდა, თავისი არსითა და შინაარსით უფრო მოცულობითია და შესაბამისად, მისი ხანგრძლივობაც მეტია, ვიდრე - პრაქტიკული სწავლება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში კონკრეტული მიმართულებების სწავლების მოცულობა და ხანგრძლივობა უმაღლესი განათლების საფეხურებზე, განპირობებული იქნება თავად მიმართულების შინაარსით. აღნიშნული კრიტერიუმი დასახული მიზნის მიღწევისათვის სრულიად ადეკვატური და პროპორციულია. რაც შეეხება იმ მიმართულებების ჩამონათვალს, სადაც სწავლების ხანგრძლივობა შემცირდება, კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს. აგრეთვე, საკანონდმებლო ცვლილებები ასევე უკავშირდება დოქტურანტურის საფეხურსაც, კერძოდ, დოქტურანტურის საერთო მოცულობა უნდა განისაზღვროს წლებით და არა - კრედიტებით. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დოქტორანტურის საფეხურზე პროგრამის საერთო მოცულობა განისაზღვროს წლებით და არა - კრედიტებით. ამასთან, კრედიტით გაზომვადი უნდა იყოს დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო კომპონენტი, ხოლო სასწავლო და კვლევით კომპონენტს შორის თანაფარდობის თვალსაზრისით, აუცილებელია დადგინდეს, რომ დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო კომპონენტი არ შეიძლება მოიცავდეს 60 კრედიტზე მეტს. აღნიშნული განაპირობებს დოქტორანტურის პროგრამის ორიენტირებას კვლევაზე და კვლევის დაგეგმვას ისე, რომ იგი სრულად იყოს მიმართული დოქტორანტის დახმარებასა და სრულფასოვანი სამეცნიერო ნაშრომის შექმნაზე.

საგულისხმოა, რომ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი. აღნიშნულ საკითხებზე გამართულ იქნა საკომიტეტო მოსმენები, რის შემდგომაც უკვე დაიწყება მისი განხილვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ კანონი დროულად ამოქმედდება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ განახლებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაივლის აკრედიტაციას და ავტორიზაციას, 2018 წლიდან შესაძლებელი იქნება ახალი რეგულაციების მიხედვით,  უმაღლესი განათლების საფეხურებზე სწავლება განხორციელდეს შემცირებული ხანგრძლივობითა და მოცულობით.

სტატიის ავტორი: გელა ჩიღოშვილი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160