საარჩევნო აგიტაციის რეგულირების პრობლემები ინტერნეტ სივრცეში » ICDI.GE

საარჩევნო აგიტაციის რეგულირების პრობლემები ინტერნეტ სივრცეში

ავტორი icdi, 28-02-2018, 22:18 | კატეგორია სიახლეები


არჩევნები თავისი მნიშვნელობით შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ხალხის ხელში არსებული ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები საკუთარ სამართალსუბიექტობის რეალიზაციას ახდენენ. არჩევნები არის ხერხი ხელისუფლების ორგანოების ფორმირებისა და ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების გამოვლენის. მისი საშუალებით მოქალაქეები ზეგავლენას ახდენენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გადაწყვეტილებას იღებენ ვის მიანიჭონ პოლიტიკური ხელმძღვანელობის უფლება და ვის გადასცენ თავიანთი უფლებების ნაწილი საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ სწორედ არჩევნები აღიარა ადამიანის უმნიშვნელოვანეს უფლებად, გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება - „ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ხელისუფლების საფუძველი: ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, ფარული კენჭისყრით ან თანაბარ მნიშვნელოვანი ფორმებით, რომლებიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის თავისუფლებას“. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“. სწორედ ხალხი გადასცემს მომავალ ხელისუფალთ მართვისათვის უმნიშვნელოვანესს - ლეგიტიმურ ძალაუფლებას - სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის. მსოფლიოში არსებული სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არჩევნებს იყენებენ სახელისუფლებო ინსტიტუტების განახლების ერთადერთ ლეგიტუმურ გზად.
   
არჩევნები ფართო გაგებით წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების, საარჩევნო სისტემების, ორგანიზაციური სტრუქტურების, პოლიტიკური ტრადიციების ერთობლიობას. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ მათი ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებულ საარჩევნო სისტემას, როგორც წესი, ქმნის არაიდენტური მმართველობის ფორმები, ტერიტორიული მოწყობის წესი და სხვა. საარჩევნო პროცესის სამართლებრივად წარმართვას უზრუნველყოფს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს არჩევნების თითოეული ეტაპის კანონიერი მიმდინარეობის საზღვრებს. საარჩევნო კანონმდებლობით დაცულია ის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც არჩევნებს დემოკრატიულ ხასიათს სძენს. ეს პრინციპები, არჩევნების დემოკრატიულობის შესაფასებლად, ეუთოს მიერ შემუშავებულ დებულებებში შემდეგნაირად არის მოცემული: საყოველთაობა, თანასწორობა, სამართლიანობა, ფარულობა, თავისუფლება, ღიაობა. ზემოთ მოყვანილი პრინციპები, არჩევნების დანიშნულება თუ მისი მნიშვნელობა, რა საკვირველია, ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზაზე იმყოფებიან და დემოკრატიული განვითარება მათ ცალსახა მიზანს წარმოადგენს.
თუმცა, განვითარებადი თანამედროვე სამყარო, როგორც წესი, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. თუ გვინდა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მუდმივად ცვალებად რეალობასთან თანხვედრაში იყოს და არ არსებობდეს ისეთი მოქმედების სივრცე, რომლის რეგულირებასაც ის ვერ შეძლებს, აუცილებელია მისი კრიტიკული შეფასება. ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმ ხარვეზების ნათელყოფა, რომლებმაც საფრთხე შეუქმნა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.

    ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმართვის სამართლებრივ საზღვრებზე და კანონის ამ ნაწილში არსებულ ხარვეზებზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წინასაარჩევნო კამპანია იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს საარჩევნო კოდექსი ადგენს სააგიტაციო მასალის გამოყენების, მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისა თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის რეგულაციებს, თუმცა, საყურადღებოა, რომ საარჩევნო კოდექსის 46-ე, 50-ე და 51-ე მუხლები  ყურადღების მიღმა ტოვებს ადამიანის ცნობიერებაზე, შეხედულებასა და აზროვნებაზე ზეგავლენის მოხდენის იმდენად მნიშვნელოვან წყაროს, როგორიც არის ინტერნეტ სივრცე. ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სწრაფი გზა სწორედ ინტერნეტ სივრცეა, თანამედროვე პოლიტიკოსებიც აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას სოციალურ ქსელში, ასევე მოქალაქეებიც ღიად გამოხატავენ და აზიარებენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს. ერთი შეხედვით ეს პროცესი ყოველღიურობის ნაწილია, თუმცა მან შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგები მოიტანოს საზოგადობრივი აზრის ფორმირების კუთხით. მითუმეტეს თუ საქმე სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს ეხება. ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ნათელი უნდა იყოს, რომ საარჩევნო დარღვევებმა, სოციალური ქსელების მზარდ მოხმარებასთან ერთად, სახე იცვალა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა საჯარო მოხელეების მხრიდან უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რაც გამოიხატება საკუთარ ,,ფეისბუქ’’ გვერდზე ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი თუ საწინააღმდეგო ინფორმაციის შემცველი ბმულების გაზიარებაში. ამ სახის აგიტაცია უკანონოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში ხდება კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლის პოზიციის საჯარო გამოვლენა სამუშაო საათების პერიოდში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას ეზღუდებათ აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება. გასულ წლებში საარჩევნო ადმინისტრაციამ, არასამთავრობო ორგანიზაციაბის მოთხოვნის მიუხედავად, აგიტაციის ეს ფორმა, საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში მონაწილეობის რეგულირებად სფეროდ არ სცნო. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი საჯარო მოხელეების მხრიდან აგიტაციად განიხილავს არა მხოლოდ პირდაპირ მოწოდებას პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ არამედ ,,ნებისმიერ საჯარო მოქმედებასაც’’, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის პოლიტიკური სუბიექტის არჩევას. ,,ნებისმიერი საჯარო მოქმედების’’ ცნება საკმაოდ ფართო მნიშვნელობისაა იმისთვის, რომ ,,სოციალურ ქსელში’’ საჯაროდ გამოტანილი პოზიციები ვერ მოიცვას. იმ შემთხვევაშიც თუ დავეთანხმებით საარჩევნო ადმინისტრაციის შეხედულებას, ვაწყდებით სერიოზულ ხარვეზს, ვინაიდან ინტერნეტ სივრცის სააგიტაციო მიზნებით გამოყენებისთვის ცალკე რეგულაციები არ არსებობს.

     თუ გვსურს, რომ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას, განსაკუთრებით კი წინასაარჩვნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისათვის შექმნილი იყოს თანასწორი გარემო, აუცილებელია გავაცნობიეროთ ის საშუალებები, რომლებიც ამ ლეგიტუმური მიზნის მიღწევას საფრთხეს შეუქმნის. სწორედ ასეთია ინტერნეტ სივრცე, ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის. შესაბამისად, საჯარო მოხელეების მიერ ინტერნეტ სივრცეში სამუშაო საათებში გაზიარებული ინფორმაცია, მათ შორის პირადი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, წარმოადგენს უკანონო აგიტაციის ფაქტს, ვინაიდან სხვა ოფიცილურ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მსგავსად ისიც ათასობით ადამიანს მიეწოდება და ისევე ახდენს პიროვნების ნებაზე გავლენას როგორც სხვა შემთხვევაში. მნიშვნელოვანია მსგავსი ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღქმული იყოს, როგორც უკანონო აგიტაცია. თუ აღნიშნული ქმედება არ მიიჩნევა არსებული საარჩევნო კოდექსის რეგულირებად სფეროდ,  საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება.

ავტორი: ანა აბულაძეскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160