არჩევნები იტალიაში: წინასაარჩევნო ვითარება და ფავორიტი პოლიტიკური პარტიები » ICDI.GE

არჩევნები იტალიაში: წინასაარჩევნო ვითარება და ფავორიტი პოლიტიკური პარტიები

ავტორი icdi, 28-02-2018, 21:46 | კატეგორია სიახლეები

2018 წლის 4 მარტს იტალიის მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას დააკომპლექტებენ და შემდგომ ისინი ირიბად აირჩევენ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს - ანუ პრემიერ მინისტრს.

იტალიას, რომ პრემიერ მინისტრის პოსტზე „ახალი“ ფიგურა ეყოლება ეს გარდაუვალია, რადგან მოქმედი პრემიერ მინისტრი პაოლო ჯენტილონი საკუთარი პარტიის რიგებიდან, მომავალი პრემიერ მინისტრის პოსტზე არ განიხილება. საუბარია იტალიის „დემოკრატიულ პარტიაზე“ (Partito Democratico), რომელიც წარმოადგენს იტალიაში ერთ-ერთ დიდ და საკმაოდ გავლენიან პარტიას, პარტიის ძირითადი იდეოლოგიაა სოციალ-დემოკრატია, მემარცხენე-ცენტრისტული ლიბერალური პოზიციებით. მათი წევრები დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოშიც უმრავლესობით არიან წარმოდგენილი (საუბარია როგორც დეპუტატთა პალატაზე 281/630, ასევე ზედა პალატაზე - ანუ რესპუბლიკის სენატზე 98/315) არსებული პარტია საერთაშორისო დონეზეც, იგივე ევროპის პარლამენტში უმრავლესობით სარგებლობს (25/73). ალბათ მკითხველისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ 2018 წლის არჩევნებისთვის პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე, პარტიის ყველაზე ცნობილი და რეიტინგული, ამავე დროს პარტიის ახლანდელი გენერალური მდივანი მატეო რენცი წარადგინა. მატეო რენცი 2009-2014 წლებში იკავებდა ფლორენციის მერის პოსტს (არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ რენცი წარმოშობით სწორედ ფლორენციიდან გახლავთ, თუმცა კონკრეტულად ფლორენციაში მოქალაქეების განწყობა მის მიმართ წლევანდელი არჩევნების წინ საკმაოდ ნეგატიურია, ამას ემატება რენცის მამის ტოსკანურ მაფიასთან კავშირი და ა.შ. მოცემული რეგიონი კი ერთგვარი კატალიზატორის როლის შემსრულებელია ხშირად იტალიაში, მათ შორის არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებში) 2014-2016 წლებში კი რენცი იკავებდა იტალიის 56-ე პრემიერ მინისტრის პოსტს.

„დემოკრატიული პარტიის“ (Partito Democratico) გარდა, იტალიის პოლიტიკურ წრეებში და სრულიად საზოგადოებაში არჩევნების წინ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სახელდება პარტია „წინ იტალია“ (Forza Italia) - რომლის ლიდერიც ყველასთვის კარგად ცნობილი სილვიო ბერლუსკონია. პარტიის მთავარ იდეოლოგიას წარმოადგენს ლიბერალური კონსერვატიზმი და მემარჯვენე ცენტრისტული პოზიციები. ბერლუსკონის საკმაოდ ვრცელი და სკანდალებით მოცული ბიოგრაფია აქვს, იგი არაერთხელ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წევრი და ასევე იკავებდა იტალიის 50-ე პრემიერ მინისტრის პოსტს 2008-2011 წლებში. პარტია გამოირჩევა პოპულისტური მოწოდებებით და მხარს უჭრს ანტი-საიმიგრაციო კანონს. პარტიის მთავარი სლოგანია „პატიოსნება, გამოცდილება, სიბრძნე!“ (Onestà, Esperienza, Saggezza!) პარტიას მცდელობა აქვს შექმნას მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია, სადაც შევლენ: ბერლუსკონის „წინ იტალია“; მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“; ჯორჯია მელონის „იტალიის ძმები“ და რაფაელე ფიტოს „ჩვენ იტალიისთვის“ პარტიები. არსებული კოალიციის შექმნით, ბერლუსკონი თვლის, რომ მატეო რენცის და მემარცხენე ალიანსს საკმაოდ მწირი შანსები აქვთ არჩევნებში წარმატების მიღწევის და რომ ეს არის ერთადერთი რეალური გზა ხელისუფლების ცვლილებისა იტალიაში.

ფავორიტ და მთავარ პარტიებში წინასაარჩევნოდ ასევე მოხვდა მესამე პარტია, რომლის სახელწოდებაცაა „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ (Movimento Cinque Stelle). პარტიას წინასაარჩევნოდ ხელმძღვანელობს და მისი ლიდერია, პერსონალურად ერთ-ერთი წარმატებული და ასევე რეიტინგული პოლიტიკოსი ლუიგი დი მაიო. დი მაიო 2013 წელს აირჩა იტალიის დეპუტატთა პალატის წევრად და იმავე წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტად. პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ გამოირჩევა პოპულისტური მოწოდებებით, პარტიის იდეოლოგია მკვეთრად გამიჯნული არ არის, რადგან პარტიის წევრების დიდი ნაწილი დაკომპლექტებულია განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა თუ იდეოლოგიების მატარებელი პოლიტიკოსებით. შესაბამისად, არსებული პარტია შეგვიძლია მივაკუთნოთ ე.წ big tent ან catch-all იდეოლოგიის მატარებელ პარტიებს, სადაც წევრების პოლიტიკური ხედვების მაღალი დონის პლურალიზმი არსებობს. პარტია ბერლუსკონის გაერთიანებისგან განსხვავებით ემიჯნება ანტი-საიმიგრაციო კანონს და მათი წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად ხაზს უსვამს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის წინ წამოწევას. პარტიის მთავარი სლოგანია „მონაწილეობა, არჩევა, ცვლილება!“ (Partecipa, Scegli, Cambia!).

ლოგიკურია იტალიაში წინასაარჩევნოდ ტარდება არაერთი გამოკითხვა თუ ეგზიტპოლი - The Termometro Politico poll-ის გამოკითხვების მიხედვით, რომელიც ჩატარდა 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, გამოიკითხა 4,500 რესპონდენტი. შედეგებმა კი აჩვენა, რომ ლუიჯი დი მაიოსი „5 ვარსკვლავის მოძრაობას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 26.3%; ცალკე აღებულ ბერლუსკონის „წინ იტალიას“ აქვს 15.9% (თუმცა თუ ზემოთ აღნიშნული კოალიცია შედგა, მათ ჯამში არსებული გამოკითხვიდან 37.5% დაუჭერს მხარს); მატეო რენცის სახელისუფლებო „დემოკრატიულმა პარტიამ“ კი 25.5% მიიღო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არსებული შედეგები ვერანაირად ვერ იქნება გარკვეული დასკვნების და პროგნოზების გაკეთების საფუძველი, რადგან არსებული გამოკითხვებიდან დგინდება, რომ იტალიის მოსახლეობის 30-35%-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის მისცემს ხმას 2018 წლის 4 მარტის არჩევნებზე.


ავტორი: ტატო ირემაძე

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160