უწყებათაშორისმა კომისიამ მეხუთე სხდომა გამართა » ICDI.GE

უწყებათაშორისმა კომისიამ მეხუთე სხდომა გამართა

ავტორი icdi, 3-10-2018, 15:09 | კატეგორია ---

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეხუთე სხდომა გამართა, რომელსაც ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი -მერი კაპანაძე ესწრებოდა. სხდომაზე განიხილეს პოლიტიკური პარტიის − „სახელმწიფო ხალხისთვის“ − პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბებისა და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გაყალბების საკითხი. ასევე, ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე.
როგორც სხდომაზე ცესკო-ს წარმომადგენელმა განმარტა, გაყალბებული ხელმოწერების დაფიქსირების შემდეგ მხარდამჭერთა სიაში ის ბათილდება. თუკი გაბათილებული ხელმოწერების ამორიცხვის შემდეგ კანდიდატის მხარდამჭერთა რაოდენობა კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები იქნება, საპრეზიდენტო კანდიდატი რეგისტრაციიდან მოიხსნება. ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამოვლენილია კიდევ ორი ხარვეზი იმავე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა სიაში და ეს ფაქტები პროკურატურაშია გადაგზავნილი.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მისივე განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს ქუთაისში მომხდარი ინციდენტზეც, რომლის მონაწილეები დაკითხულნი არიან, გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს პოლიტიკური პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილის განცხადება მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, საარჩევნო კამპანიის არასათანადო გაშუქების შესახებ მასმედიის მხრიდან; პოლიტიკური პარტიის – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – მიერ წარმოდგენილი განცხადება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის მონაწილეობის თაობაზე, აგრეთვე, „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით ჯიმშიტაშვილის მხრიდან „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველოს“ აქტივისტ რომა ფაშურიშვილზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პლაკატებისა და სხვადასხვა სააგიტაციო მასალის განთავსების შესახებ ისეთ ადგილას, რომელიც, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აგვისტოს №60 განკარგულებით, არ არის გამოყოფილი სააგიტაციო მასალის განსათავსებლად. კომისიამ გიორგი ლილუაშვილის განცხადება საეთერო დროის დათმობასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გადაუგზავნა.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის რეგისტრაციის საკითხს, ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" თავმჯდომარემ -მერი კაპანაძე, ისაუბრა იმ ინიციატივისა და რეკომენდაციის თაობაზე, რომელიც გახდა ცესკოს დადგენილების მიღების საფუძველი; ასევე, ცესკო-ს წარმომადგენლის განცხადებით, საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით გამოიყენა დისკრეციული უფლება და გამოსცა აქტი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. აქტი შესულია კანონიერ ძალაში და მისი გასაჩივრების ვადა ამოწურულია.
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცესკო-ს სამართლებრივი აქტების კანონთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობა სცდება კომისიის კომპეტენციას. მისი ეს მოსაზრება კომისიის უკლებლივ ყველა წევრმა გაიზიარა, რაც კენჭისყრაზე დაფიქსირდა.

უწყებათაშორისმა კომისიამ პროკურატურისაგან ინფორმაცია კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ მოისმინა, რომლის თანახმად, თიანეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გამოძიება გრძელდება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно



ჩვენი მისამართი

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი, ალექსი გოგოლაურის N16, 0119
  • ელ. ფოსტა: info@icdi.ge
  • ტელ: +995 (32) 2 148 160
  • ფაქსი: +995 (32) 2 148 160